გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მხოლოდ ერთი მეხსიერების ბარათი ფიგურირებს, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მხოლოდ კომპიუტერი მიიტანეს, რასაც ამოღების ოქმზე მისი დედის, თეონა თამაზაშვილის ხელმოწერა ადასტურებს.

 

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენ ავტომანქანიდან ამოღებული გვაქვს ერთი მეხსიერების ბარათი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ჯერჯერობით ექსპერტიზის შედეგი არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა მეხსიერების ბარათს, ეს ინფორმაცია გააჟღერა ოჯახის წევრმა, განგვიმარტა, რომ პოლიციის შენობაში მიიტანა მეხსიერების ბარათი კომპიუტერთან ერთად. ჩვენ შევისწავლეთ დოკუმენტაცია, კერძოდ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როდის მოხდა კომპიუტერის ამოღება, სადაც მითითებულია, რომ ამოღებულია მხოლოდ კომპიუტერი და არა მეხსიერების ბარათი. აღნიშნული ინფორმაციის ამოღებას ადასტურებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი და ასევე დალუქვის ოქმებზეც დაფიქსირებულია მისი ხელმოწერები. დაკითხვისას თეონა თამაზაშვილმა განგვიმარტა, რომ ხელმოწერები მას არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, არასწორი ინფორმაცია იყო დაფიქსირებული ამ ოქმებში. ხელწერილზე ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ამ ოქმებზე, ისევე როგორც ამოღების ოქმებზე და ლუქებზე დაფიქსირებული ხელმოწერები თეონა თამაზაშვილს ეკუთვნის.

 

ანუ, საქმეში გვაქვს ერთი მეხსიერების ბარათი, რაზეც დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

 

ამასთან, პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.