თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მისი მობილური ტელეფონიდან უნდა გამოეთხოვა დავით ფურცხვანიძესთან მისი მიმოწერა და სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია, სინამდვილეში კი გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამგვარად მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა.

 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიებას, მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს.

 

„აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება", - განაცხადა რამიშვილმა.

 

ადვოკატმა ჟურნალისტებს მოსამართლის განჩინება გააცნო, რომლითაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა.

 

„სამწუხაროდ, ისევ ვერ ავიღე მოსამართლის განჩინება, მაგრამ გადმოვიწერე. დადგენილი იყო - „მიხეილ რამიშვილის სარგებლობაში არსებული კონკრეტული მოდელის ტელეფონიდან, სადაც გააქტიურებულია ჩვეულებრივ ნომერი, გამოთხოვილიქნას დავით ფურცხვანიძესთან ამსახველი კომუნიკაციის, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია". ამაზე შესაბამისად, გუშინ ვაჩვენე „ვოთსაფში" მიწერ-მოწერა და დეტალურად 6 სურათი. გააკეთეს ე.წ. სქრინებიც. ამის შემდეგ წამოვედით, იმიტომ, რომ სპეციალისტს კიდევ ენახა ის 6 ფოტოსურათი. მე მეგონა, რომ 6 ფოტოსურათის კლონირება მოხდებოდა, არადა ამ დროს, მთელი ღამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მოხდა. ასევე, დღეს აღმოჩნდა, რომ მოხდა სხვადასხვა პიროვნებებთან 70 აუდიო-ჩანაწერების გადმოწერა. შესაძლოა, ამ 70 ადამიანში იყოს ჩემი ოჯახის წევრები, კლიენტები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე ათასი ფოტოსურათი, არ ვიცი, კიდევ რისი კლონირება გააკეთეს. თურმე, ახლა უნდა დავჯდე გამომძიებლებთან, ექსპერტებთან ერთად და უნდა ვეძებო ამ რამდენიმე ათას სურათში სატელიტის 6 სურათი. თურმე იმათაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს და ავარჩიოთ ის 6 სურათი. მეორე - თურმე, ამ სატელეფონო 70 აუდიო ჩანაწერს უნდა ვუსმინოთ. მერე, რომელიც მოეწონებათ და საქმისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ის უნდა გადმოვიწეროთ. გესმით რა ხდება?! ჩემს პირად სივრცეში შემოსულ ადამიანებს ჩემი პირადი ცხოვრება ვასმენინო?!" - განაცხადა რამიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.