პროკურორი დავით გუმბერიძე სიცრუეს უწოდებს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, გამოძიებამ მისი პირადი მობილურიდან დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელეიტური ფოტოებზე ინფორმაციის გამოთხოვის გარდა, სხვა სახის პირადი ინფორმაციის კლონირებაც მოახდინა.

 

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებლები მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფინიდან დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტურ ფოტიებზე ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურას აწარმოებდნენ, თუმცა, აღნიშნული პროცესი ადვოკატმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.

 

პროკურორი განმარტავს, რომ პროკურატურას ადვოკატის სხვა სახის პირადი ინფორმაცია არ აინტერესებს.

 

დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებას მიაჩნია, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს მის გარშემო.

 

"აქ, ინტერესი არის, მხოლოდ და მხოლოდ, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, სხვა ინტერესი არანაირად არ არის. მიხეილ რამიშვილს არაერთხელ განვუმარტეთ, რომ პროცედურაში მონაწილეობა მიეღო. თუ დავით ფურცხვანიძემ მას ინფორმაცია გადაუგზავნა, ამის დადასტურება მისივე ინტერესში უნდა შედიოდეს. ჩვენს მიერ არ ხდება არარანაირი კლონირება, ისეთი ინფორმაციის გადმოტანა, რომელიც საქმეთან შემხებლობაში არ არის. არაერთხელ განვმარტეთ, რომ ინფორმაციის გადმოტანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესახებ და სატელიტურ ფოტოებზე. თუმცა,მისი მოსაზრებაა და ალბათ, საკუთარი პოზიციისთვის სჭირდება,რომ ვითომ ჩვენ სხვა ინფორმაცია მოვიპოვეთ. შესაბამისად, პროკურატურა იმოქმედებს იმ განჩინების ფარგლებში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვცა",- განაცხადა გუმბერიძემ.

 

პროკურორის თქმით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინტერესი უნდა იყოს გამოძიებასთან თანამშრომლობა. თუმცა, დავით გუმბერიძის თქმით, მიხეილ რამიშვილი "ორჯერ უკვე გაიქცა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, გაურკვეველი მიზეზით ადგა და წავიდა".

 

რაც შეეხება უკვე შემდგომ პროცედურას, როგორც პროკურორმა განმარტა, ინფორმაციას გამოითხოვენ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელეფონო ფოტოების ნაწილში, ასევე, შესაბამის შენიშვნას შეიტანენ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ რამიშვილმა გუშინ და დღეს საგამოძიებო პროცედურა გაურკვეველი მიზეზით დატოვა.

 

"ამაში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა, როდესაც ჩვენთან სამსახურში იმყოფებოდა თანხმობა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის გადმოტანა ექსპერტის ჩართულობით მომხდარიყო. ანუ, მასალების გადმოტანის პროცედურა მისი თანდასწრებით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ოქმში ხელმომწერად მონაწილეობის მიღება არ ისურვა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დატოვა. დღეს, ალბათ ამ პიროვნებას სასამართლოში დავკითხავთ", - განაცხადა პროკურორმა.

 

ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რის გამოც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.