ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დავით ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული ფოტოები მან პროკურატურას გადასცა, არა მტკიცებულების, არამედ, ინფორმაციის სახით.

 

გარდა ამისა, რამიშვილი ფიქრობს, რომ საქმესთან დაკავშირებული წყაროს დაკავება მიუღებელია, რადგან ყველას აქვს უფლება, პროკურატურას გადასცეს ინფორმაცია - თუნდაც ის გაყალბებული იყოს.

 

,,სამართლებრივად ფურცვანიძეს მტკიცებულება არ გაუყალბებია. მე გამოძიებას მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდე სატელიტური ფოტოების სახით. გაყალბების შემთხვევაშიც კი, მასალებს გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია. პროკურატურა ცრუობს, - ამბობს ადვოკატი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი"

 

ამასთან, მიხეილ რამიშვილმა "მთავარი არხის" საშუალებით პროკურატურას მოუწოდა, ნუ იქნებიან მკვლელების მფარველები და "ობიექტურად გამოიძიონ მხოლოდ ის, რაც ევალებათ".

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დავით ფურცვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

 

ცნობისთვის, საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.