"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი, ელისო კილაძე პროკურატურას სთხოვს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-დღიურების ნახვის საშუალება მისცენ. ამ თემაზე განცხადება მან გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა.

 

,,შერჩევით რომ დაგყავთ მანდ ჟურნალისტები და თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-დღიურებს ასმენინებთ, მე ვითხოვ, რომ მომეცეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდო-დღუურების გაცნობის საშუალება და ველოდები შეხვედრის დროს და თარიღს, თუ არ გაქვთ შერჩევითი მიდგომა, - თქვა ელისკო კილაძემ.

 

კილაძემ საგამოძიებო უწყებას მიმართა კითხვით, რა ეტაპზეა "ვილა ალგეთთან" დაკავშირებით გამოძიება. მან აღნიშნა, რომ უწყებას შესაბამისი ინფორმაცია 4 სექტემბერს გადასცა და ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დროა გასული.

 

კილაძე ვარაუდობს, რომ უწყებამ ყალბი ფოტოების თემა სპეციალურად ამ ვერსიის გადასაფარად "შემოაგდო". მის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული ფოტოები ყალბია.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფურცხვანიძე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს, 25 სექტემბერს დააკავა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოების დამუშავება გაყალბების მიზნით საკუთარ შვილს სთხოვა, უკვე ფალსიფიცირებული სურათები კი ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთა მათ მიმართ შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება.

 

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.