თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლუბარეცის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.

 

როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, გიორგი ლუბარეცს „ვილა ალგეთის“ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული, შესაბამისად, გამოძიებას აინტერესებდა თუ რა მიზნით გადაამოწმა მან ხსენებული ლოკაცია.

 

„,ლოკაცია, რომელსაც ჟურნალისტები „ვილა ალგეთს“ უწოდებთ, პირს, რომელიც მოწმედ დავკითხეთ, გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს, შესაბამისად დაისვა კითხვები, რატომ, რა მოტივაციით და რისთვის გადაამოწმა ხსენებული ლოკაცია“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

 

გიორგი ლუბარეცის უფლებადამცველის, ვანო ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ლუბარეცმა მიაწოდა, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარყო.

 

„დღეს გიორგი დაიბარეს მოწმის სახით. ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა თუ რა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან, რა ინფორმაციას ფლობდა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და რა ახალი ინფორმაციის მიწოდება შეეძლო გამოძიებისთვის ამ საქმის ირგვლივ. გიორგი არის პროგრამისტი და როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, რუკებზე ეძებდა სხვადასხვა ლოკაციებს, გზებს სადაც შეიძლებოდა თამარის კვალი წასულიყო. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია იყო „ვილა ალგეთის“ ტერიტორია და აინტერესებდათ ფლობდა თუ არა ინფორმაციას ამ კონკრეტული ადგილის შესახებ, თუ ეს იყო მხოლოდ შემთხვევითობა,“ - განაცხადა ვანო ჩიტაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ლუბარეცმა ამომწურავი პასუხები გასცა, ამიტომ მისი ხელახალი დაბარება არ უნდა გახდეს საჭირო.

 

„კითხვები ასევე შეეხებოდა, მიაწოდა თუ არა „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს - ნოდარ მელაძეს ან ელისო კილაძეს. ამასთან დაკავშირებით მან ასევე დაადასტურა, რომ არც ჟურნალისტებთან და არც სხვა გარეშე პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა. პროკურორის კითხვებზე გიორგიმ ამომწურავი პასუხი გასცა, მას რომელიმე კითხვა პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია, შესაბამისად, არ მგონია, რომ მისი ხელახალი დაბარება გახდეს საჭირო. სავარაუდოდ, პროკურატურა ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთზე“ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა გიორგიმ და უნდოდათ ამის უარყოფა ან დადასტურება, რაც გიორგი ლუგარეცმა უარყო,“ - აღნიშნა ვანო ჩიტაშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.