მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.

 

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

 

მისვე განმარტებით, პოლიციას თავდამსხმელთა შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს და დამნაშავე პირთა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

 

„გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნით. შსს- ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ქალაქ მარნეულში ასევე მთელ საქართველოში ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

 

მისვე განმარტებით, მაშინ, როდესაც გივი ქველაძეზე თავდასხმის ფაქტი მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ.

 

„პირველ თემას რაც შეეხება, მაშინ იქ შსს-ს წარმომადგენლები არ იყვნენ. შეტყობინების შესვლისთანავე ოპერატიული ჯგუფები მყისიერად გამოცხადნენ და დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები, როგორც საგამოძიებო, ისე სამძებრო“, - განაცხადა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.