როდესაც კონტრაქტი ირღვევა, ნატო-ს სტანდარტია, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები შეეფარდოს დამრღვევს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გაფრთხილებული იყო, თუ რა სანქციები დაეკისრებოდა კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.

 

„სახელმწიფომ და მათ შორის ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეკატერინეს მიეღო ყველაზე მაღალი დონის სამხედრო განათლება. როდესაც პარტნიორების დახმარებით იღებ მაღალ სამხედრო განათლებას, ეს გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თუ 6 თვეს ან მეტი პერიოდის განმავლობაში მას უწევს აღნიშნული განათლების საზღვარგარეთ მიღება მაღალი დაფინანსებით, ის ვალდებულია კონტრაქტის თანახმად გარკვეული წლების განმავლობაში მსახურობდეს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

 

ამიტომ, ნატო-ს სტანდარტები ჩვენთვის ნიშნავს კანონის უზენაესობას, ეს ნიშნავს როგორც მაღალი სამხედრო განათლების მიცემას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ასევე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასაც.

 

როდესაც კონტრაქტი ირღვევა, ნატო-ს სტანდარტია, რომ ამ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები შეეფარდოს დამრღვევს.

 

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, ეს არაა დამაჯერებელი. მას არ მიუმართავს უწყების ფარგლებში შესაბამისი სტრუქტურებისთვის და არც უწყების გარეთ. მით უფრო, რომ 4 თვე გავიდა, რაც მან თვითნებურად უარი თქვა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების განხორციელებაზე.

 

მეტიც, ის იქნა გაფრთხილებული და მას ხელი აქვს მოწერილი ამ გაფრთხილებაზე. ასე რომ, ამ გარემოებებით ეს თემა ამოწურულია“, - განაცხადა მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

შეგახსენებთ, მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.