იაპონიაში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1,500 ჯარისკაცს გაგზავნის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჯარისკაცების რეგიონში გაგზავნის მიზეზი უკვე განლაგებული ჯარების თავდაცვითი ზომების გაძლიერებაა.

 

სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

 

ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნი სამხედრო დანაყოფის შემადგენლობაში ინჟინრების ჯგუფიც შედის.

 

მანამდე The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში 120 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავდა, რაც მოგვიანებით ტრამპმა უარყო.

 

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

 

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.