Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

16 - 17 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის“ მხარდაჭერით, კაჭრეთში, გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს. როგორც ,,გლობალპრესს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა და GIZ-ის სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა.

 

შეხვედრაზე გაიმართება კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა შედგება სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა მიმართულებებზე, კერძოდ: კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. საკონტროლო ფუნქციაზე, კომიტეტის გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებზე.

 

კომიტეტის წევრები თემატურ მომხსენებლებს განსაზღვრავენ და ასევე, მოსაზრებებს გაცვლიან სხვადასხვა სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან.

 

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, იურიდიული საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმას გააცნობს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტსა და დონორ ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვა მოხდება.

 

„ორი დღის განმავლობაში წარვმართავთ კომიტეტის სამუშაო შეხვედრას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში როგორი დატვირთვით იმუშავებს კომიტეტი, იქნება ეს საკანონმდებლო თვალსაზრისით, იქნება ეს კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია, ასევე ღიაობა, გამჭვირვალობა, მედიასთან ურთიერთობა და ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არსებობს კომიტეტში. ამით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალყური მიადევნონ რა თანმიმდევრობით მუშაობს კომიტეტი და რა საკითხებს განიხილავს 2019-2020 წლებში, როგორია მისი საკანონმდებლო დატვირთვა, როგორია კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ანგარიშვალდებული ვიყოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრებს გააცნობენ, თუ რა აქვთ დაგეგმილი შესაბამის უწყებებს პარლამეტში შემოიტანონ განსახილველად,

 

„აქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება, ასევე თავდაცვის კოდექსის შემუშავება და სხვა პროექტები. ასევე, ვიმსჯელებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია კომიტეტისთვის. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის პროცედურა. მზად ვართ ვიმსჯელოთ, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციურობის სტანდარტს და აბარებს თუ არა ის კონსტიტუციურობის ტესტს, არის თუ არა ეს სამართლიანი და დავგეგმოთ მომდევნო კვირის განმავლობაში, როგორც ვიმუშაოთ ჩვენ ამ კანონპროექტზე“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტს 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება.

 

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის მიმართაც კომიტეტი არის ადეკვატური და მას ამუშავებს შესაბამისი პროცედურების დაცვით. დღეს, სწორედ საუბარი გვექნება სამოქმედო გეგმაზე. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი და კიდევ არა ერთი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოვა როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე პარლამენტართა ინიციატივით. აღნიშნული კანონპროექტები განხილული იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, რის შემდეგაც მოხდება მათი პლენარულ სხდომებზე გატანა“,-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

 

„ეს საკითხი არის სამართლებრივი, უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე, ბუნებრივია, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ვისაუბრებ. ოპოზიცია საუბრობს ამაზე აქტიურად და ეს მოსალოდნელიც არის მათი მხრიდან, თუმცა ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული,“ - განაცხადა კობახიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

თუ ჩვენ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე, სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით.

 

ეკა ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა კომიტეტში.

 

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე მოსამართლე ისევ გაამწესა უვადოდ. იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტმა დაიწყო უვადოდ განმწესების თაობაზე მსჯელობა, არ იცდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არ ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას და პარალელურ რეჟიმში აგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩემთვისაც და ამ იდეის მხარდამჭერებისთვისაც , რომ სწრაფად მოხდეს შეჩერება მოსამართლეთა უვადოდ განმწესების. თუ ჩვენ დარჩენილ, იმ ვაკანტურ პოზიციებზე , სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, რისთვის ვაკეთებთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მოდელს, რატომ და რისთვის ვასწორებთ იმ მრუდე პრაქტიკას, რომელიც შეიქმნა უვადოდ განმწესების პროცესში, როდესაც გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება მოსამართლეთა გადანიშვნა, რას ვპასუხობთ მოქალაქეებს, რომლებიც წუხან, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ჩაიკეტება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.„საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობრთან, აშშ ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად“, - წერს ტვიტერზე მამუკა ბახტაძე.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული, გამორჩეული ურთიერთობები, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ისტორიულ ურთიერთობებზე დაყრდობით, კიდევ უფრო განვავითაროთ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 101 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ ლიეტუველ ხალხს და დამსწრე საზოგადოებას ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის აღდგენის 101 წლისთავი მიულოცა და ორ ერს შორის არსებულ გამორჩეულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას უნიკალური მეგობრობა აკავშირებს.

 

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებული ნაბიჯი იყო ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელის დამკვიდრება.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო ნაბიჯი გადადგა საქართველომაც და ქართულ ენაში ლიეტუვას ავთენტური დასახელება დამკვირდა.

 

„თქვენი ქვეყანა ყოველთვის დგას ჩვენ გვერდით ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ ლიეტუვა, ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მის ორიგინალ სახელს უწოდებს, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის დემონსტრირება. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ლიეტუვას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს - ახლა თემა დახურულია, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

 

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. კობახიძის განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით.

 

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა, ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. არის რეფორმა დასრულებული, ეს თემა არის დახურული, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა იმ კანონმდებლობით, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მილიონ ადამიანს, ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ მოვიგეთ ძალიან მყარად მუნიციპალური არჩევნები“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სურვილს, ჩართული იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.

 

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ეს არის სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, წესით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ფრანგული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს კვლევის პრეზენტაციამდე განუცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოს სისტემის მიმართ არსებული 51%-იანი ნდობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

„კვლევა ჩატარებულია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით. კვლევის ორგანიზება განახორციელა ფრანგულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ. ადგილზე, საველე სამუშაოები შეასრულა "გორბმა" . ჩვენი ინფორმაციით, დაფიქსირებული შედეგები საკმაოდ კარგია სასამართლოს ეფექტურობის, მოსართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აღიარების თვალსაზრისით. გამოკითხულნი არიან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე სასამართლოს მომხმარებლები, პროფესიული ჯგუფები, პროკურორები და ადვოკატები და ზოგადად, ტენდენცია არის დადებითი. მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა, 51% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. კვლევის ავტორები პირდაპირ აღიარებენ,რომ ეს მონაცემი მიახლოებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული ანალოგიური კვლევის მონაცემთან. კერძოდ, საუბარია, 2018 წელს ევრო-ბარომეტრის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლითაც გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ მათი სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ჩვენთან კი 51%. ანუ ეს მონაცემი მიახლოებულია ევროკავშირში დაფიქსირებულ მონაცემთან და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს კარგი ტენდენციაა.ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება",- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

რაც შეეხება ხარვეზებს, მისივე თქმით, კვლევის თანახმად, ხარვეზებთან დაკავშირებით სავარაუდოდ საუბარი იქნება იმაზე, რომ არსებობს საქმეთა სიმრავლის პრობლემა სასამართლოში, რომელიც უნდა დაძლიონ.

 

ამ წუთებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის − „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ − შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

 

კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.

 

უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები:

 

ნატრული აკობია - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განმწესდა 12-ხმით, 2 ის წინააღმდეგ.

 

ეკა არეშიძე - 14 ხმით უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქოს სასამართლოში;

 

გია ბერაია - უვადოდ განმწესდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ; 13 ხმა ერთის წინააღმდეგ მიიღო,

 

მოსამართლემ ლერი თედორაძემ და ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

 

უვადოდ განმწესდა ასევე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი, რომელმაც 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ მიიღო. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

 

სალიხ შაინიძემ მიიღო -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ.ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

 

ნატო ხუჯაძემ მიიღო 12-ხმა 2-ის წინააღმდეგ. ის უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში;

 

მერაბ ჯორბენაძემ მიიღო 13- ხმა 1-ის წინააღმდეგ და ის თბილისის საქალაქო სასამართლოში განმწესდა.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით სულ 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან.

 

მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

 

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან.

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ვენესუელა მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან, ერთ-ერთი იყო, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ვენესუელის ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს.

 

მიმდინარე წლის 23 იანვრიდან ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად კი თავი, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ გამოაცხადა. ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების იმედით საქართველომ, ოპოზიციონერ, გუაიდოს გაპრეზიდენტებას მხარი უკვე დაუჭია.

 

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მნიშვნელოვანია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვენესუელას შემდეგ ნიკარაგუა გააუქმებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.

 

„რაც უფრო ბევრი იქნება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ამ აღიარებას უკან წაიღებენ, მით უფრო მარტო დარჩება რუსეთი აღნიშნულ ქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ. ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა რუსეთის გავლენით მოხდა, რადგან ახლაც პრორუსულია და მაშინაც პრორუსული ხელისუფლება იყო ვენესუელაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება შესაძლოა უკან წაიღოს ნიკარაგუას ხელისუფლებამაც. ულტრა მემარცხენეები არიან ხელისუფლებაში და იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყების შემდეგ ნიკარაგუაც გააუქებს ამ აღიარებას“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის აზრით მადუროს რეჟიმმა კრახი ქვეყნის ცუდი მართვის გამო განიცადა. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მისი სოციალისტური რეჟიმი, ეკონომიკური კრიზისი და დიქტატორული მართვა იყო. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის უგულებელყოფამ ჩვენს ქვეყანას მნიშნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

 

„დავიწყებ იქიდან, რომ ბოლო წლებში, ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობის საკითხი ახალი კრიზისის დასაწყისი გახდა. რეგიონის აქტორებმა დასაწყისშივე უარყვეს 2018 წლის არჩევნების შედეგები, რომლითაც მადურომ საპრეზიდენტო მანდატი მეორედ მოიპოვა. შედეგად, მადუროს მთავრობა იზოლირებული გახდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროსთვის. ამის პასუხად, Lima Group-ს ქვეყნებმა, აშშ-მ, ავსტრალიამ, საქართველომ ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ოპოზიციონერი ხუან გუაიდო სცნო. ევროკავშირმა მოითხოვა ხელახალი არჩევნების ჩატარება. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა, ევროკავშირს, ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარებისკენ უბიძგა.

 

დღეს, ვენესუელა ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაშია (Freedom House, worldpopulationreview.com). ნავთობით მდიდარმა მადუროს რეჟიმმა კრახი განიცადა ცუდი მართვის გამო, თუმცა წარმატებას მიაღწია რეპრესიების, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, იზოლაციონიზმის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის (მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა) მიმართულებით.

 

მადუროს მიერ ვენესუელას სოციალისტურმა რეჟიმის ხელმძღვანელობის პირობებში ეკონომიკა შემცირდა - 16.6%-ით (2017 წელს). 2014-2018 წწ-ში ვენესუელას ეკონომიკა 448 მლრდ დოლარიდან შემცირდა 96.3 მლრდ დოლარამდე . ინფლაციამ მიაღწია 1.7 მლნ %-ს. ეროვნული ვალუტის კურსი რეკორდულად დაეცა და 1 აშშ დოლარი 248,567.80 ვენესუელის ბოლივარი გახდა (2.02.2019). დეფიციტი შეიქმნა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ხოლო წყლისა და ელექტროენერგიის უკმარისობამ კიდე უფრო დაამძიმა მდგომარეობა. მძიმე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფონმა მოსახლეობა ქვეყნიდან გააქცია.

 

აღსანიშნია, რომ ვენესუელას შემოსავლის ძირითადი წყაროს ნავთობის ექსპორტი წარმოადგენს, ხოლო ყველაზე მსხვილ შემყიდველს აშშ. უკანასკნელ ათწლეულში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების გაგრძელების გამო, მკვეთრად შემცირდა ექსპორტის მოცულობა. კერძოდ, თუ 2008 წელს აშშ-ში დღეში 1.2 მლნ ბარელის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2017 წელს მხოლოდ 500 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა.

 

არსებულ მოცემულობაში, აშშ-მა მკაცრი სანქციები აამოქმედა ვენესუელას ნავთობის სახელმწიფო კომპანიების მიმართ. დემოკრატიის აღდგენის მიზნით, წნეხის ქვეშ მოექცა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. სანქციები შეეხო PDVSA-ს (Petroleos De Venezuela SA). მოხდა მისი 7 მლრდ აქტივის დაბლოკვა და გავლენა იქონია 11 მლრდ დოლარის საექსპორტო ზარალზე. ასევე, სანქციები შეეხო PDVSA -ს შვილობილი კომპანიის Citgo-ს აქტივებს აშშ-ში.

 

ხაზგასასგმელია, რომ იანვრის ბოლოს, აშშ-ში ვენესუელას ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველებიდან (Valero Energy, CorpChevron Corp და Citgo,.) PDVSA-სთან კონტრაქტი შეწყვიტა Valero Energy Corp-მა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომარაგებისთვის ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყო. Chevron Corp-მა თანამშრომლობა გააგრძელა „მოსალოდნელი რისკების“ გათვალისწინებით, თუმცა ალტერნატიული წყაროების გეგმა მაინც შეიმუშავა. ხოლო Citgo-ს, რომელსაც ვენესუელელი მფლობელები ჰყავს და ამერიკულ ოპერაციებს ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით (ტეხასში, ლუიზიანასა და ილინიოსში), დაუწესდა სანქციები. აღნიშნული სანქციებით, კომპანია Citgo ვალდებულია ვენესუელას ნავთობის ანგარიშსწორების თანხები განათავსოს აშშ-ში, ანგარიშებზე, რომელზედაც მადუროს წვდომა არ ექნება.

 

მკაცრი ფინანსური სანქციების მოტივი შეთანხმებულია ვენესუელას თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტთან ხუან გუაიდოსთან.

 

აღნიშნული სანქციები ერთგვარი პრევენციაა იმ მნიშვნელოვანი პროცესებისა, რომ: არ დაუშვან მადუროს მიერ ხაზინის დაცარიელება; ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გამოყენებული არ იქნას მადუროს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნების დაფინანსებისათვის და ფინანსური რესურსით ისარგებლოს მხოლოდ გუაიდოს ლოიალურმა ძალებმა, ვენესუელას მოსახლეობამ და მომავალმა ლეგიტიმურმა მთავრობამ;

 

პროგნოზით, სანქციებს გავლენას არ უნდა მოეხდინა სამომხმარებლო ფასებზე, თუმცა ნავთობის ფასები 2%-ით გაიზარდა. გასათვალისწინებელია, რომ სანქციებმა მნიშვნელოვანი „დარტყმა“ მიაყენა მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებლებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ და წყაროების დევერსიფიცირებას უფრო მაღალ ფასში, ახლო აღმოსავლეთიდან აპირებენ.

 

არსებითია აღინიშნოს, რომ ვენესუელას პოლიტიკურმა და იდოლოგიურმა გაუცხოებამ აშშ-სთან, გამოიწვია მზარდი სიახლოვე „რევიზიონისტ“ სახელმწიფოთა ჯგუფებთან რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთმა 2008 წელს 70 მლრდ დოლარის სესხი მისცა, რომლის დიდი ნაწილი უნდა დაბრუნდეს ნავთობით. ხოლო რუსეთმა 2006 წელს ხელი მოაწერა შეიარაღების კონტრაქტს 11 მლრდ დოლარის ოდენობით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მადუროს მხარდამჭერია: კუბა, ბოლივია, სალვადორი, ნიკარაგუა, ურუგვაი, მექსიკა. ასევე, ვენესუელას მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი, ეგვიპტე, სირია, ერაყი, ვიეტნამი, ბელარუსი.

 

არაკომპეტენტური მმართველობის ფონზე, მადურო: არ ჩქარობს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას; საერთაშორისო მედიატორების თანდასწრებით გამოთქვამს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზაობას; პირად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კოლუმბიის და აშშ-ის პრეზიდენტებს აკისრებს; PDVSA-ს უთითებს, Citgo-ს აქტივების და საკუთრების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სასამართლოში პოლიტიკური და იურიდიული მოქმედება დაიწყოს აშშ-ს წინააღმდეგ; საერთაშორისო „ზეწოლის“ ფონზე, 2 თებერვალს სამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, მზადყოფნა გამოხატა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

 

ამრიგად, რეგიონული პოლიტიკური სურათი გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური ლიდერი დროულად არ მოვიდა და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია არ მოხდა, ან საომარი ხაზის გავლება მოხდება ან ადგილი ექნება სცენარს „ლათინური ამერიკის გაზაფხული“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას რატი აბულაძემ.

 

რაც შეეხება საკითხს; არსებობს, თუ არა საშიშროება, რომ ვენესუელის ახალმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ გააუქმოს, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა.

 

„შეერთებულ შტატებს კანონმდებლობით ეკრძალება, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ამა, თუ იმ ქვეყანას. შესაბამისად ამხელა ვენესუელას, რომელიც გაჭირვებაშია და ხალხი შიმშილობს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება და შეერთებული შტატები ვალდებული იქნება, რომ ახალ ხესლიუფლებას მოსთხოვოს ამ დამოუკიდებლობის უკან წაღება წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს დახმარების აღმოჩენას ვენესუელისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნაკლები ბერკეტები გვაქვს ვენესულებასთან, შეერთებულ შტატებს აქვს მეტი ბერკეტები და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა“, -განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

საქართველოსთან მიმართებაში აბულაძე ხაზს უსვავს იმ ფაქტორს, რომ საქართველოსა და ვენესუელას შორის საგარეო ეკონომიკური კავშირები სუსტია. საგარეო ვაჭრობა უმნიშნვნელო, ინვესტიციების შემოდინება ნული. ამიტომ, ცვლილებები, რომელიც ვენესუელაში უნდა მოხდეს ქმედითი გავლენა უნდა იქონიოს ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. მართალია საქართველოსთვის ვენესუელა „ეკონომიკური არენა არ არის“, თუმცა რუსულ-ამერიკული კონკურენციასა და „გლობალურ თამაშში“, პოლიტიკური სვლა უნდა გამყარდეს სტრატეგიული მიდგომებით.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სამ მიმართულებას - სამუშაო ადგილების შექმნა, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი ქობულიამ პარლამენტარებს დეტალურად გააცნო ეკონომიკური სტრატეგიის მისეული ხედვები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა არ არის უბრალოდ ლოზუნგი.

 

„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენ ვიცით რომ დღესდღეობით უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად უნდა შეიქმნას დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი 2025 წლის ჩათვლით.

 

რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას - ეკონო9მიკის მინისტრის განცხადებით: „საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ რასაც მოვიხმართ, იმ ყველაფრის წარმოებას, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი - მომსახურეობის მიმართულებით უკვე არცთუ ისე ცუდი პროგრესი გვაქვს. თუ ჩვენ არ განვავითარებთ საექსპორტო პოტენციალს, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“,- განაცხადა ქობულიამ.

 

კიდევ ერთი პრიორიტეი, რომელზეც გიორგი ქობულიამ ისაუბრა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაა. მისი განცადებით, ასევე „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ინოვაციები და ტექნოლოგიები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა და შემოსავლები“.

 

„რათა შევძლოთ, რომ ეკონომიკის ზრდა მუდმივი პროცესი გავხადოთ, რაც ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, უცხოური უინვესტიციების გარეშე ვერ შევძლებთ ამ სფეროს განვითარებას“, -აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?