ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის საკითხზე კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

ქეთევან ციხელაშვილმა ყველას მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდონ.

 

„მინდა მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

მე მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის მედიას, ვიყოთ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები არის ოკუპირებული. საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.