ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის მორალური და ზნეობრივი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა გედევან ფოფხაძე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს.

 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მძიმე ფასი ექნება ყველასთვის.

 

ამასთან, გედევან ფოფხაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.

 

„ერთადერთი, რაც მიხარია ისაა, რომ მეთვრამეტე საუკუნის დასასრულში საფრანგეთში არ ვართ, თორემ ზვიად კვაჭანტირაძეს ალბათ, ამ შემთხვევაში გილიოტინა დაელოდებოდა პარლამენტის წინ.

 

გაიხსენეთ მსოფლიო ისტორია, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბრძოლის პირველ ხაზებში და მართლა ქმნიდნენ საფრანგეთის რევოლუციას, მერე ყველა შეეწირა იმას, რომ იყვნენ ყველაფრის სათავეებთან.

 

დღეს ჩვენ იმას ვისმენთ, რომ თურმე ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილა კომიტეტის ცუდი თავმჯდომარე. ალბათ, უმრავლესობის ცუდი ლიდერი იყო წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ეს ყველაფერი აშკარა და ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანირაძემ თქვა, რომ აღარ მინდა ამ ყველაფერთან ერთად, რაც ქვეყანაში ხდება, ვიყოო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ძალიან დიდი სოლიდარობა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.

 

მინდა იმას მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ზღვარი გაჩნდება, არა მარტო ჩვენსა და თქვენს შორის ამ გადაწყვეტილების მიღებით, არამედ თქვენსა და საზოგადოებას შორის, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენგან პრინციპულ, ვაჟკაცურ და ღირსეულ გადაწყვეტილებას ელოდება. და თუ „ოცნება“ აგრესიულ უმრავლესობად ჩამოყალიბდება, რომელიც ადამიანებს ებრძვის განსხვავებული აზრის გამო, რომელიც სჯის პრინციპულობის გამო, სულ დამთავრდება მორალურად. აღარ იქნება მორალური უპირატესობა „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

 

„ქართული ოცნება“ ყოველდღურად კარგავს მორალურ უპირატესობას. იფიქრეთ იმ მომავალზე, რასაც უმზადებთ „ქართულ ოცნებას“.

 

ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის მორალური და ზნეობრივი გადაწყვეტილება. ასეთ გადაწყვეტილებას მძიმე ფასი ექნება ყველასთვის,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.