თუ ჩავთვლით, რომ დევნილი ხართ, ან უსამართლოდ გექცევიან, ან ივანიშვილი აგითვალწუნებთ და თქვენს შევიწროებას დაიწყებს, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ბერაიას, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხით დაინტერესდა.

 

როგორც ბოკერიამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ სტანდარტია კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არაუმრავლესობის წევრი არ იყოს.

 

„მივესალმები მკაფიოობას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი და არ შეიძლება კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყოს არაუმრავლესობის წევრი. თუნდაც თქვენი გუშინდელი თანაგუნდელი, რომელთანაც გქონდათ ღირებულებათა ერთიანობა. გავიგე ეს, მაგრამ მერე წაგცდათ ტრადიციულად, ცუდად მუშაობდაო. მე ყველა თქვენი კომიტეტის მუშაობას ვაფასებ ცუდად, მაგრამ ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ? რამე პრიზები უნდა აეღო საერთაშორისო კონკურსში და ვერ აიღო?

 

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ბერაიას, თქვენთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდის კარი ღია არ არის და ვერასდროს ჩვენთან ვერ მოხვდებით, მაგრამ თუ რამე საკითხში ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დავიკავოთ, ეს ხელს არ შეგვიშლის. მინდა დაგამშვიდოთ და გული გაგიკეთოთ. თუ ჩავთვლით, რომ დევნილი ხართ, ან უსამართლოდ გექცევიან, ან ივანიშვილი აგითვალწუნებთ და თქვენს შევიწროებას დაიწყებს, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. კობახიძის განმარტებით, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას სამართლებრივი დასაბუთება არ ესაჭიროება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.