შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კონფერენციაზე, სადაც განიხილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, კობახიძემ აღნიშნული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზე ისაუბრა.

 

"შეიძლება ითქვას, საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. იყო უაღრესად აგრესიული კამპანია, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი. მთავარი მიზეზი ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური გარემო ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად პოლარიზებულია. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები, საარჩევნო კამპანია მთლიანადაა ორიენტირებული პერსონალურ თავდასხმებსა და აგრესიაზე. ამიტომ დიდწილად მოსალოდნელი იყო ასეთი სახით კამპანიის წარმართვა.

 

ზოგადად იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაშიც ბრალი აქვს სხვადასხვა მხარეს. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს ზოგადი გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისი თქმით, თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რა კუთხითაც დიდი პროგრესი იგრძნობა.

 

"ეს ჩვენი არა მთავრობის, არამედ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის მერე. ქვეყანაში უზრუნველყოფილია სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სწორედ ასეთი არჩევნების საფუძველზე ყალიბდება კონსტიტუციური ორგანოები. ამ კუთხით გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება და მშვიდობიანში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ვერბალური აგრესიისგანაც არჩევნების მაქსიმალური გათავისუფლება. ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები, რაზეც აუცილებელია მსჯელობა", - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.