მედიაგარემო საქართველოში არის პოლარიზებული და სამწუხაროდ, ეს გარემო ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე "2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები" განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო პერიოდში აგრესიის ინიციატორი ოპოზიცია იყო.

 

"2016 წლიდან მოყოლებული მაქსიმალურად ვცდილობთ გავათავისუფლოთ საარჩევნო გარემო აგრესიისგან. 2016 წლის კამპანია აგებული იყო პოზიტიურ მესიჯებზე. ჩვენი სლოგანი იყო "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" და ამ პათოსით წარიმართა კამპანია. ამ პათოსით წარიმართა კამპანია 2017 წელსაც მაშინ, როდესაც ოპოზიცია მთლიანად იყო ორიენტირებული თავდასხმებზე, აგრესიაზე და ნეგატიურ კამპანიაზე. რეალურად არანაირი აქცენტი არ კეთდებოდა პროგრამებზე. იყო ასევე აშკარა ტყუილი დაპირებების პრობლემა. სამწუხაროდ, ამაზე ყურადღება არ იყო გამახვილებული.

 

მედიაგარემო საქართველოში არის პოლარიზებული და სამწუხაროდ, ეს გარემო ხელს უწყობს აგრესიას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში. რა შეიძლება გაკეთდეს, დღეს ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ამ პრობლემაზე ბუნებრივია, ყურადღება არის გასამახვილებელი. ჩვენი ამოცანა არის არა იმდენად წარსულზე საუბარი, რამდენადაც იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევები იყოს უკეთესი. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩვნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში და უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი აგრესიისგან. ამაში თავისი წვლილი ბუნებრივია, კანონმდებლობამაც უნდა შეიტანოს. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომ მზად ვართ, ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში ეუთოსთან, ოდირთან, ევროსაბჭოსთან და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით, მზად ვართ ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.