„პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო და ტყუილის რეჟიმიდან ვერ გამოვიდა, ასეთი დონის კონფერენციაზე ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტარდება.

 

ნატროშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია.

 

„ჩვენ მოვისმინეთ ჩვეულებრივი ტყუილები მისი მხრიდან. მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს ამ ქვეყანას, ვინაიდან მან ჩვენს ორგანიზაციასაც დააბრალა ჩვეულებრივი ტყუილი. უბრალოდ, ძალიან სამარცხვინოა ტყუილების ლაპარაკი ასეთი დონის კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

იგივე შეეხება ქალბატონ თეა წულუკიანსაც, რომელმაც დააყენა ტყუილების კორიანტელი. ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ როგორ პირობებში უხდებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესების დაკვირვება.

 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მაღალი თანამდებობების პირების მიერ ჩვეულებრივი თავდასხმის ფაქტები იყო როგორც პირდაპირ, ასევე - არაპირდაპირ. ჩვენი აზრით, ამის მთავარი მიზეზი იმ პრობლემებზე საუბარია, რაზეც ვსაუბრობთ. სასაცილოა ჩვენი კრიტიკა იმ ფონზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითადი პრობლემა, რაც მიმოვიხილეთ ანგარიშში და რაზეც ვსაუბრობდით არჩევნების პერიოდში, მოხვდა როგორც ეუთოს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში. ისინი ზუსტად იზიარებენ ჩვენს პოზიციებს და ჩვენ თუ ვართ პოლიტიზირებულები და მიკერძოებულები, იგივე გამოდის ამ ორგანიზაციებზეც“, - აღნიშნა ნატროშვილმა.

 

სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია იმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“. კონფერენცია გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

 

ასევე, მომხსენებლებად მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.