საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტატორების დგომა, „ფეიქ დამკვირვებლების“ უბნებზე ყოფნა, ე.წ. შავი ფულის მოხვედრა საარჩევნო კამპანიაში, ასევე „ფეიქ პარტიების“ შექმნა და კიდევ რამდენიმე საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე "2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები" განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესიულ გარემოში ჩატარებაა.

 

"არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც მათ შორის, კანონმდებლობასთანაც არის კავშირში. მაგალითად, ეს არის აგიტატორების პრობლემა, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნების გარშემო, ეს არის ტრადიცია, რაც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ამ კუთხით შეიძლება ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. „ფეიქ დამკვირვებლებიც“ არის სერიოზული პრობლემა. რა უნდა გაკეთდეს არ ვიცი, თუმცა ამაზე მუშაობაც საჭიროა. "სიჩუმის დღე", რაც თავის დროზე იყო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და ამოღებულია, ამაზეც არის ბუნებრივია, საჭირო მსჯელობა. ფინანსების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და საჭიროა ამაზე სერიოზული მსჯელობა. არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი მაქსიმალურად იმის პრევენცია, რომ შავი ფული არ მოხვდეს საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ამ კუთხით ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

 

სახელმწოფო დაფინანსების უკეთესი მოწესრიგება, რითაც თავიდან უნდა იყოს აცილებული „ფეიქ პარტიების“ და ერთკაციანი პარტიების შექმნის პრობლემა", - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე განცხადებით, როდესაც ასეთ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს ეხება საქმე ხშირად არის კონსენსუსის პრობლემა, თუმცა, კობახიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება საერთაშოროსო პატნიორების თანამშრომლობით ისეთი ფორმატის შექმნას შეძლებს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ასეთი კონსენსუსის მიღწევას.

 

"ჩვენი ამოცანაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ, მშვიდობიან, არააგრესიულ გარემოში ჩატარება და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი 2020 წლისთვის იქნება მიღწეული",- განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.