„ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადავიდა. ეკა ბესელია კობახიძე/მდინარაძე/ზარდიაშვილის დაჯგუფებას "სილაგაწნულ, პატარა ბიჭებს" უწოდებს. მმართველი გუნდიდან დემარშით წასული ბესელია პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ მიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა მასზე გადავა.

 

ბესელია მამუკა მდინარაძისგან შეცდომით გაგზავნილ სმს შეტყობინებასაც გამოეხმაურა, რაზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელს სთხოვს, რომ ია გაასაჯაროოს. ბესელია ამბობს, რომ ის ე.წ. "სქრინშოთების" გამოქვეყნებას არ აპირებს.

 

,,ახლა ვფიქრობ, ამათი მიტოვება ასე ადრე შეიძლებოდა თუ არა, ისეთ უბედურ დღეში ჩავარდნენ. ცოტა ხანი ხომ არ სჭირდებოდათ მართლა პატრონი. ის ადამიანები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელიც ასევე საუბრობს „ქართული ოცნების“ სახელით, არ ინდობა ქვეყნის მართვა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერც ფერებს არკვევს და ვერც ადრესატებს, ვის უნდა გაუგზავნოს კონკრეტული მომზადებული სალანძღავი, შეურაცხმყოფელი და თავდასხმისკენ მიმართული გზავნილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახიფათოა მათ ხელში სადავეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მათ პატრონს და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ეს პატარა სუსტი კაცები, რომლებსაც რამდენჯერმე უკვე გავაწანი პოლიტიკური სილა, ამდენი სილაგაწნული ადამიანი საცოდავად გამოიყურება, რამდენჯერ შეიძლება ეს გავაკეთო, ყოველდღე ამით თუ ვიქნები დაკავებული, მევე შემებრალებიან ისინი. ამიტომ მან შეიბრალოს, მიხედოს, უპატრონოს და მიუჩინოს თავისი ადგილი, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გადადის პირადად მასზე,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიაში ეკა ბესელიას ჩასმას ეწინააღმდეგებოდა, ყოფილი თანაგუნდელი გამოეხმაურა. ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, ამის შესახებ საუბარი გზავნილში იყო. ეკა ბესელიას თქმით, მას არ სჭირდებოდა ნებართვა ან შუამავლები, რომ პარტიაში ყოფილიყო. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ივანიშვილს მიმართავს, რომ მან 2016 წელს საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით მან ილაპარაკოს.

 

"პირადად არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა, ჩემს პარტიაში ვიქნებოდი თუ არა, მაგრამ საინტერესოა, ვინ იყო ზარდიაშვილი/მდინარაძის რეკომენდატორები,"-აცხადებს ეკა ბესელია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.