გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის ე.წ. შავ სიას კიდევ ერთხელ ასაჯაროებს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერს გასარიცხი დეპუტატების გვარები ეწერა.

 

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ფოფხაძე ივანიშვილთან გამართული იმ შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელსაც ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარიაც ესწრებოდნენ. გედევან ფოფხაძის თქმით, ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მათ უთხრა, რომ ირაკლი კობახიძე ექვსი დეპუტატის გარიცხვას სთხოვდა და მათ შორის იყვნენ, როგორც შეხვედრის მონაწილეები, ასევე რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.

 

„ქართული ოცნებიდან“ განდგომილი დეპუტატი აცხადებს, რომ იმ პერიოდში ირაკლი კობახიძეს თანაგუნდელებთან არაერთი კონფლიქტი ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი ბიძინა გეგიძესთან უთანხმოება იყო.

 

„არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს 6 ადამიანი ვიყავით სამი იქ მყოფი, თქვენი მონა-მორჩილი, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და სამი ადამიანი, რომელიც კიდევ ჩვენთან ერთად არ იყო - რომან კაკულია, ლევა კობერიძე და დათო ჭიჭინაძე. 6 ადმიანის გარიცხვა შემომთავაზაო ირაკლი კობახიძემო და თუ ამ 6 ადამიანს გავრიცხავთო, ვითარება დალაგდებაო. მითხრა, რომ ვიყო მედიატორი, დავალაგო ურთიერთობები, არავინ არ უნდა გაირიცხოს. ასე საკითხის საერთოდ არ უნდა ისმებოდეს. თუ თქვენ შორის რაიმე წინააღმდეგობაა, ის გუნდის შიგნით მეგობრული ურთიერთობით. მაგრამ ფაქტი თავისთავად ძალიან საგანგაშო იყო. მაშინ მოხდა ბევრი კონფლიქტი ირაკლი კობახიძის მხრიდან. იგივე ის კონფლიქტი ბიძინა გეგიძესთან რომ მოუვიდა და მაგის გამო ბოდიში მოხდა მოუწია,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

ე.წ. შავ სიაში დასახელებული ლევან კობერიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან. ლევან კობერიძის თქმით, პარლამენტში ძალიან ბევრი საქმე აქვს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.