TV4 -მა მაუწყებლობა გათიშა. პროტესტის ამ ფორმას არხის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათივე განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონულ მაუწყებელზე ზეწოლა გამწვავდა. არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გარკვეული ძალები მათ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აიძულებენ და საკადრო პოლიტიკაშიც ერევიან. არხის გენერალური დირექტორი "გლობალპრესს" უყვება, რომ ტელევიზიაზე ზეწოლა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საინფორმაციოს უფროსის პოსტი ვაკანტური გახდა. ამის შემდეგ გარკვეული ძალები დირექტორს საინფორმაციოს უფროსად საკუთარი კადრის დანიშვნას სთხოვდნენ.

 

გვარებს ჯერ არა ასახელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ზეწოლის უკან სამთავრობო ჯგუფებიც დგანან. საპროტესტო მიმართვაში ჟურნალისტებმა ირონიული მადლობა მხოლოდ რუსთავის მოქმედ მერს გადაუხადეს.

 

ირაკლი ტაბაღუა ,,გლიბალპრესთან" საუბარში არხზე ზეწოლას გამორიცხავს. მას გაუკვირდა, როგორ მოხვდა მისი გვარი საპროტესტო მიმართვაში. მერი მომხდარს ტენდერის შედეგებს უკავშირებს, რომელიც TV4-მა წააგო.

 

TV4 რუსთავიდან უკვე 21 წელია მაუწყებლობს და ქვემო ქართლში ძირითადი სატელევიზიო არხია. 21 წლის განმავლობაში არხზე ზეწოლა სულ იყო, მაგრამ პროტესტის ამ ფორმას პირველად მიმართეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.