ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სტრუქტურები ვერ უწევენ კონკურენციას კერძო სექტორს, რათა კვალიფიციურმა კადრებმა მიიღონ გადაწყვეტილებები. ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით უსმენენ.

 

ქობულიამ მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაერთ მიმართულებაზე მას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გამოყო გადაწყვეტილებების დროულად მიღების კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაა.

 

„ადრე იყო რეგლამენტი, რომ 20 დღეში უნდა გაცემულიყო განსაზღვრული დოკუმენტი ინვესტორისთვის. ეს რეგლამენტი იმას ნიშნავს, რომ თუ 20 დღეში არ გაიცა დოკუმენტი, ოფიციალურად გაცემულად ითვლება ეს დოკუმენტები. რატომღაც ეს რეგლამენტი გააუქმეს და ამიტომ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც გაცემული უნდა იყოს 20 დღეში, გაიცემა 8, 10 ან 12 თვეში. ეს საკითხია მოსაგვარებელი და ასეთი რეგლამენტი შესაძლოა დაგვეხმაროს, რომ დავამყაროთ დისციპლინა ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში“, - განაცხადა ქობულიამ.

 

ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ მომხრე იყო „ძირითადად ძალიან დიდი გადაწყვეტილებები დელეგირებული ყოფილიყო სამინისტროზე და ყველა საკითხი მთავრობაზე არ გასულიყო.

 

„უმნიშვნელოვანესი საკითხია სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ზრდა. თუ ჩვენ მუნიციპალურ და ცენტრალურ მთავრობაში არ გვეყოლება კვალიფიციური ხალხი, ძალიან ძნელი იქნება ჩვენი ეკონომიკის ტემპის რეალიზაცია. ხალხი ზოგჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ ყოფნის. ადამიანს, რომელსაც 500-700 ლარი აქვს ხელფასი და რომელსაც ჩვენ დავაკისრეთ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს 100-300 ათას ლარიან პროექტებზე, აბა დაფიქრდით, ახლა რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს იმ ადამიანს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინიციატივა, რომ პირველ ეტაპზე ტოპ 500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე უნდა დავაყენოთ კვალიფიციური კადრები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბევრ პოზიციაზე კვალიფიციურია კადრი, მაგრამ მასობრივად ეს ასე არაა. ამისთვის ჩვენ კონკურენცია უნდ გავუწიოთ კერძო სექტორს კვალიფიციურ კადრებზე. ადამიანი, რომელიც სამჯერ ნაკლებ ხელფასს მიიღებს სახელმწიფო სტრუქტურაში, ძალიან საეჭვოა ასეთ შემთხვევაში რატომ მოდის კვალიფიციური კადრი სამუშაოდ სახელმწიფო სტრუქტურაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.