„წლების მანძილზე რატომღაც კომერციულ სექტორში საქართველოს გაზის ერთი მომწოდებელი ჰყავს და ეს სექტორი არანაირად არ არის დარეგულირებული,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთი მომწოდებელი კომერციულ კომპანიებს გაზს იმ ფასში აწვდის, რა ფასშიც უნდა და ეს საკითხი მოსაგვარებელია. ქობულიას განცხადებით, ან კონკურენცია უნდა შეიქმნას ან მონოპოლია დარეგულირდეს.

 

„საქართველოსთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება აზერბაიჯანი. გეოგრაფიულად და ლოგიკურად ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლება სხვანაირად იყოს. აზერბაიჯანი აქვეა და მათი გაზი მხოლოდ საქართველოზე გადის, სხვანირად ისინი გაზს ვერ გაიტანენ თავისი ქვეყნიდან. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის აზერბაიჯანი, აბსოლუტურად, ბუნებრივი პარტნიორია გაზის მოხმარებაში.

 

რაც შეეხება ალტერნატივის შექმნას, წლების მანძილზე რატომღაც კომერციულ სექტორში საქართველოს გაზის ერთი მომწოდებელი ჰყავს და ეს სექტორი არანაირად არ არის დარეგულირებული. ერთი მომწოდებელია და ჩვენს კომერციულ კომპანიებს აწვდის იმ ფასში, რა ფასშიც უნდა. ყველაფერზე რომ კითხვები გვიჩნდება, ასეთი კითხვა არავის გასჩენია, რომ წლების მანძილზე ამ მთავრობის და იმ მთავრობის პერიოდშიც, ერთი კომპანიაა და რა ფასშიც უნდა იმ ფასში მიაწვდის. კომერციულ სექტორს სხვა გამოსავალი, რომ სხვა კომპანიისგან იყიდოს გაზი, არ აქვს. ეს საკითხი მოსაგვარებელია. ან უნდა შეიქმნას კონკურენცია, ან თუ ეს მონოპოლიაა, მაშინ ეს უნდა დარეგულირდეს. დაურეგულირებელი მონოპოლია მემგონი არ არის კარგი საქმე,“ - განაცხადა ქობულიამ.

 

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ესწრებიან: ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი. გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდა დავით უსუფაშვილიც.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.