მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გავიგო, რა სჭირს ამ ქვეყანას არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფო მმართველობის თვალსაზრისით, - ამ კითხვით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, თუკი კონსტიტუციური და სახელმწიფო მმართველობის საკითხები არ მოგვარდება, მინისტრების წასვლა-წამოსვლით არსებული რეალობა ქვეყანაში არ შეიცვლება.

 

„მე აქ მოვედი საქართველოს კონსტიტუციით. იმ კონსტიტუციით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე თვის წინ და რომლითაც პარლამენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ საპარლამენტო მმართველობა მყარდება და დგინდება საქართველოში უფრო მეტად. მე აქ მოვედი იმის გასარკვევად, თუ რა ხდება...

 

როგორ ითქვა?! ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, „ქობულია პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგაო“. ხედავთ, სიმაღლეებს მიგნებებისას საკანონმდებლო მმართველობით პროცესში?! პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგაო. ამასობაში გადადგა ვინ?! მინისტრი, რომელიც მოვიყვანეთ საქართველოს გადასარჩენად იმიტომ, რომ წინა მთავრობა გავუშვით ეკონომიკაში სერიოზული ჩავარდნების გამო და საქართველოს გადასარჩენად მოწვეული მინისტრი ისე გადადგა პრემიერის გადაწყვეტილებით, რომ 2 კონკრეტულ მიზეზსაც არავინ გვეუბნება. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გავიგო, რა სჭირს ამ ქვეყანას არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფო მმართველობის თვალსაზრისით. არის კონსტიტუციური საკითხები, სახელმწიფო მმართველობითი საკითხები, რომელშიც შემოვალ დისკუსიაში იმიტომ, რომ თუ ეს არ მოგვარდა: მოვა მინისტრი, წავა , ჩუმად წავა თუ ხმამაღლა წავა, დაგვრჩება ერთი და იგივე ვითარება და რეალობა. ამიტომ ამ თემაზეა სასაუბრო, ამიტომ თუ ეს ნაბიჯი გადადგით საჯაროობის და გტკივათ ეს საკითხები, გვითხარით, რა ელის ქვეყანას მმართველობის თვალსაზრისით? რა არის ის კონკრეტული საკითხები, რომელიც თქვენ არ შეასრულეთ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამიდან იმიტომ, რომ თქვენ იყავით მთავრობის წევრი, რომელსაც პარლამენტმა უპრეცედენტოდ, ორ კვირაში ორჯერ გამოუცხადა ნდობა. ორჯერ ნანდობი მინისტრი და მთავრობა ბრძანდებოდით, პროგრამა გქონდათ, რომელიც უნდა შეგესრულებინათ, ამიტომ საჭიროა მეტი მკაფიოობა, კონკრეტულად რა იყო ის ხედვები, რომელიც პროგრამაშია, უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა?!- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ქობულიას კითხვა პანკისის ჰესთან დაკავშირებითაც დაუსვა. დავით უსუფაშვილის თქმით, დროში დაემთხვა ქობულიას წასვლა და პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემები.

 

„იქნებ, გვითხრათ, თქვენ წასვლამდე რა ხდებოდა ამ საკითხში, იყო თუ არა თხოვნები პოლიციის თანხლებით მშენებლობის დაწყების თაობაზე?“ - მიმართა უსუფაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.