დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა საქართველოს არც გარეულმა და არც შინაურმა მტერმა აპატია - დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დგას, რასაც ასი წლის წინ პირველი რესპუბლიკის თაობა ამკვიდრებდა, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძეს საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ განაცხადა, რომ ევროპული არჩევანი არის საქართველოს ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი, ეს არჩევანი განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.

 

“მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს. ვულოცავთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენს ემიგრანტებს - ყველას ვისთვისაც 26 მაისი არის ძვირფასი. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ ჩვენს წვევამდელებს. ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს უერთგულებთ. მინდა განსაკუთრებით ჩვენს ჯარისკაცებნს მივულოცო, ჩვენს მეომრებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იმყოფებიან და მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ მშვიდობისთვის, სტაბილურიბისთვის იბრძვიან და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მან დღეს თქვა ისიც, რომ ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მის სახელს და ღირსებას იცავენ. მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნული გმირები გაიხსენა.

 

“სწორედ ამიტომ ნებისმიერი ქართველისათვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ ჩვენი სამხედროებისთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის დავიწყეთ სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია არის ბრძოლის ისტორია - ბრძოლისა თავისუფლებისათვის და რწმენისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა. დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას.

 

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას - ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე. მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.