იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ მან გორში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ბატონი გვარამია, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მივიღებთ და შევასრულებთ ყველა გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ზე მიიღებს“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

 

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.