„აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი, ხელისუფლებას ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის სკანდალთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ფადი ასლის გაცხადებით იმ ფაქტმა, რომ ფოთის პორტის საკითხმა საზოგადოებაში გაჟონა, მთავრობა პანიკაში ჩააგდო და უფრო მეტი შეცდომების დაშვება დაიწყო. ფადი ასლის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პრემიერი ყველა ნაბიჯს უთანხმებს ბიძინა ივანიშვილს, არავის სჯერა, რომ რიგითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თვითნებური გადაწყვეტილებები მიიღო ისე რომ ეს არავინ იცოდა. ფადი ასლის თქმით, ამგვარი საქციელი აზიანებს როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ასევე იმიჯს.

 

„როდესაც ახალი პორტის მშენებლობის ფაქტმა საზოგადოებაში გაჟონა, მიხვდნენ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და პანიკაში ჩავარდნენ. არაკომპეტენტურობის ახალი რეკორდი დაამყარა საქართველოს ხელისუფლებამ. პრემიერ-მინისტრი საპირფარეშოში არ გადის ისე, ბიძინა ივანიშვილთან ორჯერ თუ არ გაიარა საკითხი და ახლა გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისე დებს ხელშეკრულებას ერთ-ერთ უმსხვილესს ოპერატორთან, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა? ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი სულელია და ყველაფერს დაიჯერებს. ეს არის უდიდესი სირცხვილი. ნათია თურნავა ძალიან მეცოდება, რადგან მან პირადად ივანიშვილისგან მიიღო დავალება ეთქვა ის, რაც თქვა. მეორე მხრივ, კი არ შეიძლება მსხვილ ინვესტორებთან ასე თამაში. ერთ დღეს აძლევ ნებართვას, მეორე დღეს უჩერებს ხელშეკრულებას, თუმცა სამწუხაროდ ეს ამ მთავრობისთვის დამახასიათებელია - არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინება და სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ასეთი ფაქტების წინაშე ყოველდღიურად დავდგებით,”-განაცადა ფადი ასლიმ.

 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ფოთში ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. იმ სააგენტოს უფროსი კი ვინც ნებართვა გასცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მშენებლობის ნებართვა კი შეაჩერეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.