აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საკითხები, კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული, ხოლო უშუალოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პრეზიდენტის სტუმრობა არავისთან შეთანხმებულა, ვინაიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილების შეთანხმების ვალდებულება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

 

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ორი სხვადასხვა საკითხის - რომელთაგან ერთი აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ხოლო მეორე - დავით გარეჯში ვიზიტს უკავშირდება, ერთმანეთში აღრევა მოხდა, რაზეც, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხის გაცემა მოუწია.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტმა აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და წლების განმავლობაში გაყინულ საკითხზე დაიწყო მუშაობა.

 

"ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა კითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული მთავრობასთან აზერბაიჯანში ვიზიტის საკითხები. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ ყველა ასეთი აქტივობა არის კანონთან შესაბამისობაში და ეს აქტივობაც იყო შეთანხმებული. რაც შეეხება გარეჯის თემას, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, გარეჯში და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება, კერძოდ, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, არავისთან თანხმდება. მოხდა აღრევა, ჟურნალისტებმა მკითხეს, იყო თუ არა შეთანხმება იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც მოჰყვა კომისიების ამუშავება, იყო შეთანხმება და ვთვლით, რომ ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში გაყინული საკითხი დაიძრა. ორ მეგობარ ქვეყანას შორის არის შეთანხმება და კომისიებმა დაიწყეს მუშაობა. გარეჯში ჩასვლის მიზანი იყო "ევროპა ნოსტრას" ექსპერტების ჩაყვანა და საუბარი იყო იმაზე, რამდენად არის დაცული ძეგლი და სჭირდება თუ არა დახმარება ფრესკებს. ორი სხვადასხვა საკითხია, რომელიც გააერთიანეს და ასე გამოვიდა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.