არამგონია მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო ევროპის დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნეს, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მამუკა ბახტაძისა და ვლადიმერ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. კობახიძის განცხადებით, თუ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა, ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული.

 

„თუ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ეს არის კარგი. მნიშვნელოვანია, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. არ მგონია მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო ევროპის დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მდებარე სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკია გაჩერებული, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფება. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ბახტაძე და ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის თემაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

 

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნატალი საბანაძემ განუცხადა, პრემიერი ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებადაა ჩასული, რომელიც დღესაა დაგეგმილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.