ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ მართლდება არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო!“- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

 

ის გამოეხმაურა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნას და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.

 

„მიუღებელია, რაც ახლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო! როგორც უმრავლესობის წევრი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს დავუშვით, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“, - აღნიშნა ზოიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.