„ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე არ აკონკრეტებს, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მომხდარის გამო. მისი თქმით, ცხელ გულზე ამაზე საუბარი არ შეიძლება.

 

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო, რომ სხდომა სერგეი გავრილოვს უნდა წაეყვანა.

 

ჟურნალისტების კითხვას, რატომ დააცადეს გავრილოვს სიტყვით გამოსვლა და თავიდანვე რატომ არ მოხდა რეაგირება, მამუკა მდინარაძე არ პასუხობს.

 

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც სურათს ვნახულობთ, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიჰყავს სხდომა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასე იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან. რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად.

 

სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და გაბედა და წაიყვანა ეს სხდომა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება ასამბლეის სხდომა. საქართველოს პარლამენტში აღარ და ვეღარ დაიშვება მსგავსი შეცდომა. ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.