ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება არის უადგილო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.

 

ოხანაშვილის განმარტებით, ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს მსგავსი მოთხოვნები გააჟღეროს და ეს მათი გადასაწყვეტი არაა.

 

„მათ მორალური უფლება არ გააჩნიათ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნა-არყოფნის საკითხზე ილაპარაკონ. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ეს მანდატი ჩვენ მოგვცა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ყოველთვის“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

მისივე თქმით, ის რაც მოხდა, პროტოკოლის შეცდომას უკავშირდება და როგორც მისთვის ცნობილი იყო, სხდომა საბერძნეთის დელეგაციას უნდა წაეყვანა.

 

ამასთან, როგორც ოხანაშვილი განმარტავს, დოკუმენტში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, არ წერია, რომ რუსეთის დელეგაცია წაიყვანდა სხდომას.

 

„ეს იყო პროტოკოლის საორგანიზაციო საკითხი, სადაც იქნა კონკრეტულად დაშვებული შეცდომა. ამაზე ბატონმა ზაქარიამ მოიხადა ბოდიში, თუმცა დამატებით კომენტარებს ველით კიდევ. რა თქმა უდნა მიუღებელია სრულად, დაუშვებელია მსგავსი, რამ, ესეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. სადაც კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერა ფიქსირდება, არსად არ წერია, რომ რუსეთის დელეგაციის რომელიმე წარმომადგენელს უნდა წაეყვანა სხდომა. ამით იმის თქმა მინდა,რომ ირაკლი კობახიძეს არ გადაუწყვეტია, რომ რუსეთის წარმომადგენელი წაიყვანდა სხდომას. ეს წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სხდომა უნდა წაეყვანა საბერძნეთის დელეგაციას, ეს სხდომა იყო ამ ფორმით დაგეგმილი. როგორ და ვინ მიიღო ასე სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილება, ამაზე ორგანიზატორებისგან ჩვენ და საზოგადოებას გვჭირდება პასუხები,“-აცხადებს ოხანაშვილი.

 

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ გამოსვლაზე ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.