პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას და იქ დაშვებული იყო ხარვეზი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გაძღოლას. მისი თქმით, საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა იმას, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და არა იმას, რომ რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში შევიდნენ.

 

„ვნებათაღელვა სამართლიანად მოჰყვა იმას, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიკავა უმაღლესი ადგილი. სპეკულაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვნებათაღელვა პარლამენტის შენობაში მათ შესვლას მოჰყვა. მაშინ, როცა ორიოდე წლის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა, რუსული დელეგაციის წევრებიც სტუმრობდნენ პარლამენტის შენობას თბილისში. მაშინ არ მოჰყოლია ამას ვნებათაღელვა. ახლაც არ იქნებოდა ეს ვნებათაღელვის საგანი. აქ საზოგადოების სამართლიანი რეაქცია გამოიწვია იმან, რაზეც მოგახსენეთ. ამაზეც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებული იყო, დოკუმენტი, სადაც თითქოს დაფიქსირებული იყო, რომ ასამბლეის პრეზიდენტს სხდომის რომელიმე ნაწილი უნდა წაეყვანა, რაც ტყუილია. ასეთი რამ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული არ იყო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დღის წესრიგი, სადაც ფიქსირდებოდა, რომ ერთადერთი მოდერატორის სახელი და გვარი იყო ასამბლეის გენერალური მდივანი საბერძნეთიდან. ეს იყო შეთანხმებული.

 

სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას და იქ დაშვებული იყო ხარვეზი.

 

ხარვეზზე როცა ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობ მე რუსეთის დუმის წარმომადგენლებზე. ეს იყო ჩვენი ხარვეზი. თქვენ ნახეთ, რომ რეაგირება იყო მყისიერი, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.