დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება, ეს აღარ არის გადაყენება. ეს უნდა იყოს გაგდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან მიიღო ინფორმაცია, რომ პარტიის პოლიტსაბჭო მიმდინარეობდა, გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოსულიყო და მმართველი გუნდისთვის მიემართა. ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვს თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მთელი პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რაც გუშინ მოხდა, „ქართლ ოცნებას“ ეკისრება.

 

„ პარლამენტში ვაპირებდი მისვლას, მაგრამ რადგან გავიგე, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, მოვედი აქ, რომ გავმოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს: გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების ბრალი! ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ბრალი, რომელიც დაიწყეს ადეიშვილის მოსამართლეების „შემოტენვით“ და დაამთავრეს იმით, რომ ოკუპანტი ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოს, დასვეს ყველაზე მთავარ სავარძელში. იმის ნაცვლად, რომ ამ პარლამენტის უბადრუკ თავმჯდომარეს ყოფნოდა ვაჟკაცობა, რომ გადამდგარიყო თავის უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების გამო, მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოსულები იყვნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ერთი მხარეა პროვოკატორები-„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მიატოვა ახლაგაზრდები და გაიქცა, მაგრამ მეორეა ის, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადამიანებზე ნადირობა მიმდინარეობდა, რომლებიც იყვნენ შეურაცხყოფილი, იმის გამო, რომ ერთი მხრივ თავისი ქვეყნის პოლიტიკური ორგანოს მთავარ სავარძელში იხილეს გავრილოვი და მერე - შეურაცხყოფილები იყვნენ, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის გამო. ეს სამარცხვინო ადამიანი უნდა მოაშრონ. ეს არის მთავარი მოთხოვნა. ეს არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და არც გაქცეული ე.წ.“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოთხოვნა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ნუ დაემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას! ნუ ანახებთ საზოგადოებას, რომ თითქოს რაღაცა მოთხოვნის ფონზე არ გინდათ გადააყენოთ უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე - ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს და კომფორტს უქმნიდნენ აი, ამ თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ჩაიდინა.

 

„რად ღირს ახალგაზრდა ადამიანების თვალისჩინი?! პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში მაგის გამო მოხდა იმ ადამიანების დასახიჩრება? მშვიდობიანი პროტესტი არის გარდაუვალი და ეს ორი სიმახინჯე:“ ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ არის პროტესტი საჭირო, მშვიდობიანი პროტესტი, რომ დახუთულობა, რაც არის პოლიტიკაში ეს უნდა დამთავრდეს“,- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.