„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.

 

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

 

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ორი სტროფი წაიკითხა.

 

ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

 

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები. კერძოდ: კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევანი ბოძაშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ირაკლი აფაქიძე, გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.