მართალი გითხრათ, ბოლო წუთამდე მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბესელიას თქმით, პროცესი არის სრულად მართული.

 

„სამწუხაროდ, იმ სცენარით განვითარდა მოვლენები, რაც იგრძნობოდა. ეს არ არის უმართავი პროცესი. ეს რომ უმართავი პროცესი იყოს, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მყისიერად უნდა მოყვეს ამ ადამიანების ან გარიცხვა პარტიიდან, როგორც ეს ბიძინა გეგიძის და ჭიჭინაძის შემთხვევაში გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და გაცილებით უფრო უწყინარ სიტუაციაში. სად არის აქ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა? სად არის პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა? თუკი მას საკუთარ უმრავლესობაში ამდენი ამბოხებული და ამდენი ადამიანი ჰყავს, რომელიც არ ემორჩილება საერთო პოლიტიკურ შეთანხმებას. აშკარად ჩანს, რომ ეს არის მართული პროცესი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისი თქმით, კონსულტაციები იქნება, როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან.

 

„ეს არის რაღაც სხვა ეტაპი, ძალიან სახიფათო პროცესში შედის ქვეყანა. მე ვისურვებ, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი მშვიდობიანი გაგრძელება, ამ პროცესის, თავად ხელისუფლებას არ სურს. ეს იყო ძალიან დიდი და საბედისწერო შეცდომა, რაც არის დაუშვებული მე. მართალი გითხრათ, ბოლო წუთამდე მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა. აღარავის არ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ეს პროცესი არ იყო მართული, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი გაგრძელება. მე ვისურვებ. რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტი იყოს გამოხატული“, - განაცხადა ბესელიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.