აუცილებლად დავიბარებთ პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით და ძალიან მარტივი კითხვა გვექნება: რატომ გადმოიბარეთ სისტემა? - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

 

მისი ინფორმაციით, ეს საკითხი საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად გააქტიურდება და პარლამენტში ამ თემაზე დებატები გაიმართება.

 

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" ძალოვანი სისტემა ვერ გაწმინდა მოძალადე პროკურორებისგან, გამომძიებლებისგან და მოსამართლეებისგან. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ეს ძალადობრივი სისტემა გადმოიბარა.

 

"სამწუხაროდ, ჩვენ სისტემა ვერ გავწმინდეთ მოძალადე პროკურორებისგან, მოძალადე გამომძიებლებისგან და მოძალადე მოსამართლეებისგან. სისტემა სულდგმულობს, როდესაც გრძნობს, რომ ქვეყანა არ მიდის დემოკრატიულად და ავტორიტარიზმის ნიშნები ჩნდება. ეს ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. უნდა გვესმოდეს, მისი თანატოლები, მეგობრები რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნებიან. სამწუხარია, რომ არ არსებობს ნდობა პრემიერ-მინისტრის სიტყვების მიმართ, შს მინისტრის სიტყვების მიმართ, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიმართ. არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი არასრულწლოვნები დავიცვათ ძალადობრივი გარემოსგან.

 

"ქართულმა ოცნებამ" გადმოიბარა ძალადობრივი სისტემა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მინისტრების მოადგილეები არიან დღეს ძალოვან სისტემაში, რომლებიც ვანო მერაბიშვილის მსახურები იყვნენ. თქვენ გახსოვს გახარიას გამოსვლა, როდესაც ის ამბობდა, რომ ჩვენ სისტემასთან კომპრომისზე წავედითო. ვისთან წახვედით კომპრომისზე? გაბინაშვილთან როგორ წახვედით კომპრომისზე? თეთრაძის საქმის პროკურორთან როგორ წახვედით კომპრომისზე? გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან როგორ წახვედი კომპრომისზე? აი, ეს არის კომპრომისის შედეგი. ამიტომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება, აუცილებლად დავიბარებთ პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით და ძალიან მარტივი კითხვა იქნება: რატომ გადმოიბარეთ სისტემა? ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად გავააქტიურებთ ამ საკითხს, დებატებს მოვითხოვთ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის "ქართული ოცნება" იმ ღალატისთვის, რაც მან გააკეთა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერთან და იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი წლების განმავლობაში სდევნიდა," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.