"რომ არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები, რის საფუძველზეც შევძლებდით ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვებაზე მსჯელობას, ამასაც დავაყენებდით", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 

მან ისაუბრა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

 

"ერეკლე კუხიანიძესთან გვქონდა საუბარი ორშაბათს, მან ითხოვა დრო ამ ყველაფრის მოსაგვარებლად, ყველამ ნახეთ, რომ ეს დრო ვერაფერში გამოიყენა და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მან დატოვოს როგორც ფრაქცია, ასევე თანამდებობა - კომისიის თავმჯდომარეობა. რაც შეეხება მის მანდატს, მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით პროცედურები არის შემდეგი: ის შეიძლება გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. რომ გვქონდეს სამართლებრივი საშუალება, რომ მას მანდატი დაეტოვებინა, ამ საკითხს დავაყენებდით - ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ნუ ატყუებს ხაბეიშვილი ხალხს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

კითხვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით, ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ ეს თავად კუხიანიძის გადასაწყვეტია.

 

„ახლა, აქედანაც ვურჩევ, რომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა და დატოვოს მანდატი. გარდაცვალებას არ ვუსურვებთ არავის, იმედი მაქვს. რომ არსებობდეს სამართლებრივი საფუძვლები, რის საფუძველზეც შევძლებდით მანდატის დატოვებაზე მსჯელობას, ამასაც დავაყენებდით და ამისთვისაც მზად ვართ. რაც შეეხება მის პირად პასუხისმგებლობას, შეუძლია პირადი განცხადებით მოგვმართოს და ამას დავაკმაყოფილებთ, თუ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ ეს არის წითელი ხაზები, რომელსაც არ უნდა გადავიდეს არც ერთი პოლიტიკოსი კი არა, არც ერთი მოქალაქე“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდება. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.