მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება ასევე კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. თუმცა, რა კითხვები აქვთ სკოლასთან, სოფო კილაძე ვერ აკონკრეტებს.

 

„ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული სიფრთხილის მოვეკიდოთ ამ თემას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა არასრულწლოვანი, ასევე, გამოძიების ინტერესებია, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ იქიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით", - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კითხვაზე, ხომ არ ხდება სკოლისკენ ისრების გადატანა, სოფო კილაძე ამბობს, რომ მთელი სიმძიმის სკოლაზე გადატანა ნამდვილად არ ხდება.

 

„პირველ რიგში გითხარით სამართალდამცველები, პირველ რიგში სკოლა ხომ არ მითქვამს. ძალიან გთხოვთ, ჩემი სიტყვების ინტერპრეტირებას ნუ მოახდენთ ისე, რომ მთელი ამ საქმის სიმძიმის გადატანა გვინდა სკოლაზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბავშვის პრობლემა ვერავინ დაინახა.

 

„ჩვენ დავიწყეთ ბავშვის კოდექსზე მუშაობა იმიტომ, რომ შევხედეთ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა სისტემური მიდგომა ბავშვებთან დაკავშირებით. ბავშვის გარშემო უნდა ტრიალებდეს მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, როცა ბავშვს შეექმნება პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური თემა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა და რომ დავინახეთ, არ იყო ასეთი მიდგომა, ამიტომ დავიწყეთ 3 წლის წინ მუშაობა ბავშვის კოდექსზე, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მივიღეთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ როცა პრობლემა წარმოიქმნება ბავშვთან დაკავშირებით, აქ აუცილებელია ყველა სტრუქტურის რეაგირება.

 

ამ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახაეს ვერც სამართალდამცველებმა, ვერც სკოლამ, ვერც სხვამ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ დაენახა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.