რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს, შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს, - ამის შესახებ „კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის“ დირექტორმა სვანტე კორნელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი ვერ ახერხებს იმასთან შეგუებას, რომ იმპერია დაკარგა და იმ ხალხებს, რომლებიც იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთთან ყოფნა აღარ უნდა.

 

„რუსეთი ასეთ ნაბიჯებს მაშინ დგამს, როცა აცნობიერებს, რომ რაღაცას კარგავს. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მაშინ გადაწყვიტეს, როცა მიხვდნენ, რომ საქართველოს კარგავდნენ, დონბასსა და ყირიმში მაშინ შეიჭრნენ, როცა მიხვდნენ, რომ უკრაინა დაკარგეს. მათ სამხრეთ ოსეთი არაფერში სჭირდებათ - ასე არაა? იქ ბევრი არაფერია. რუსეთისთვის ეს ემოციური მომენტიცაა იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებსაც მასთან სიახლოვე არ უნდათ,“ – განაცხადა კორნელმა.

 

მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ მეზობელი ქრისტიანი ქვეყენების ოკუპაციას ახდენს და არა მუსლიმური ქვეყნების.

 

„კრემლის რეჟიმი ისეთი სტაბილური არ არის, როგორც გარედან გამოიყურება. არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს მის შემდეგ.

 

ამ ბოლო დროს, საქართველოს ოკუპაცია სამწუხაროდ, მეორეხარისხოვან პრიორიტეტად იქცა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან შედარებით, როგორიცაა ომი სირიასა თუ უკრაინაში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ ქვეყნები საქართველოს გაყინულ კონფლიქტად აღიქვამენ და თუ რამე არ შეიცვალა, ამ კონფლიქტზე ხელის ხლება არავის სურს. საქართველოს პრობლემა სწორედ ესაა. პირველ რიგში რუსეთის სტრატეგია ყოველთვის იყო საქართველოს დასუსტება, მთავრობის დასუსტება და მთავრობისთვის წონასწორობის დარღვევა. ასევე ის, რომ მთავრობა აიძულონ რუსეთის ნაბიჯებზე რეაგირება გააკეთოს. მეორე საკითხი ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი თითქმის ოცდაათი წელია უწყვეტად მიმდინარეობს. კონფლიქტის დაწყების თარიღად პირობითად 1989 წლის 9 აპრილი შეგვიძლია ავიღოთ და ის დღემდე მიმდინარეობს. ხალხს ჰგონია, რომ ომი 5 დღე გაგრძელდა. არა. ეს კონფლიქტი ზოგჯერ სამხედრო მეთოდებით მიმდინარეობდა, ზოგზე სხვა ხერხებით, მაგრამ ის არ დამთავრებულა“, - აღნიშნა მან.

 

„კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორის თქმით, რუსეთს საქართველოში საკუთარი მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევია.

 

„რაღაცა დაიწყეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. 2008 წელს ამ საქმის დამთავრება სცადეს, მაგრამ საქმე ჩაუვარდათ, რადგან მაშინ რუსეთს არა ეს ორი ტერიტორია სურდა, არამედ მთლიანად საქართველო. მას შემდეგ მათ ყურადღება ხან უკრაინაზე, ხან სირიაზე გადაიტანეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში საქმიანობას მორჩნენ. სწორედ ამიტომაც აგრძელებენ ბორდერიზაციას, რომ რაღაც ყოველთვის ხდებოდეს და ერთ მშვენიერ დღესაც ესკალაციისთვის საფუძველი მომზადებული იყოს. საქართველოში რუსეთის მიზნის მიღწევა ის იქნება, რომ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვას. ეს კი ვეღარ მოხდება. რუსეთი უბრალოდ არაა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ეს შეძლოს. იგივე ეხება მოლდოვას და უკრაინას.

 

რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობა ისეთ კაცს მახსენებს, შეყვარებული რომ მიატოვებს და ის შეყვარებულის ცემას იწყებს. რუსეთი ვერ ახერხებს იმასთან შეგუებას, რომ იმპერია დაკარგა და იმ ხალხებს, რომლებიც იმპერიაში შედიოდნენ, რუსეთთან ყოფნა აღარ უნდა. როგორც ის კაცი, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ შეყვარებულს მასთან ყოფნა აღარ უნდა. ვიდრე რუსეთი ამ აზრს არ შეეგუება, მანამ მხოლოდ ზიანის მიყენებაზე იფიქრებს და დღეს სწორედ ამას ვხედავთ. არ მგონია საქართველომ ამ კონფლიქტის გადაჭრა ისე შეძლოს, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რაღაცა დონის დამოუკიდებლობა არ მიიღოს. არსებობს ამის წარმატებული მაგალითები. თუმცა, ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის ქონა და ეს პოლიტიკა არა ოკუპირებულ აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოს მომავალს უკავშირდება. როგორი ქვეყანა იქნება საქართველო - სტაბილური, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე პირიქით. ასევე რუსეთშიც უნდა შეიცვალოს სიტუაცია. კი შეიცვლება, მაგრამ არ ვიცით ეს ცვლილება უკეთესი იქნება თუ უარესი. პროგნოზების გაკეთებას ვერიდები. ვფიქრობ, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. არასტაბილური საქართველო უფრო მეტად იქნება პოლიტიკური და თუნდაც სამხედრო რისკის ქვეშ, ვიდრე სტაბილური საქართველო“, - განაცხადა კორნელიმ ინტერვიუში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.