"ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომელსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის," - ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ჰამილტონის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ნატოსკენ გაწევრიანების გზაზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 

"ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნიან. შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს - როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად - შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას."- ამბობს ჰამილტონი.

 

ტობერტ ჰამილტონი ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებისათვის გაგზავნილ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს. ამერიკელი პროფესორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ.

 

"ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდიხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

 

საქართველოსთვის კრიტიკულია იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.