საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“დეკრეტი წარუდგინა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამ ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

 

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია. ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი.

 

ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია იგი. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სწორედ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, ვიდრე შიდა გავრცელება დაიწყება და ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. ეს აუცილებელია საზოგადოების საბრძოლო მზადყოფნაში გადასაყვანად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს შემოაქვს მხოლოდ აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა - არა ექსტრემალური.

 

„მაგალითისთვის: არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება. არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად.

 

საგანგებო მდგომარეობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მოქალაქეობრივ შეგნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დადგენილ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი კვლავ ძალაშია. პირიქით, ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა: სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

 

ამ რეკომენდაციების დაცვა არ ექვემდებარება აღსრულებას სამართალდამცველი ორგანოებისგან, მაგრამ მათი განუხრელად დაცვა ევალება ყველა მოქალაქეს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება. აუცილებელია, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს სამაგალითო და სახელმწიფოს არ დასჭირდეს დამატებით იძულებითი ნორმების შემოღება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.