ვეცდებით, შევიმუშავოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნულზე მუშობა მიმდინარეობს. მან ასევე მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მისცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები.

 

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ შევიმუშავოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალურ საარჩევნო კომისია, ჩართული არიან ჩვენი პარტნიორები. მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, ხელისუფლება მონდომებულია, 2020 წლის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჰყავდეს, ჩატარდეს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.

 

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად ვემზადებით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება. ჩავატაროთ, თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით და ამისათვის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, მეორე მხრივ - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა. ხელისუფლება ვართ ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჰყავდეს ამ არჩევნებს. ბუნებრივია, არსებობს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ეფექტიან მართვას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.