საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის და რევანშის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს აღარ მოხდება რადგან არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს.

 

,,როგორია ახლა ტაქტიკა არსებული ოლიგარქული წყობის – დაცვის პირველ ხაზად ისინი იყენებენ ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, სააკაშვილის ლანძღვის. ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა არა ჩემი პიროვნება, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში ისევ დაიწყება სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა – სისხლისსამართლებრივი დევნა და რევანში, რომლის წინააღმდეგი ვარ მე პირადად კატეგორიულად და ეს არ განხორციელდება, ვინაიდან ქვეყანამ არ შეიძლება, ერთსა და იმავე წრეზე იაროს. მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწარფი განვითარება და ეს შეგვიძლია ჩვენ, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ მათ დროს ქვეყანაში რწმენის, ტრადიციული ფასეულობების აღორძინება და გაძლიერება მოხდა. მისი თქმით, ხალხი ამ განსხვავებას კარგად ხედავს.

 

სააკაშვილის აზრით, ხელისუფლების ახლანდელი გეგმა სხვადასხვა მონტაჟების გაკეთებაა, ნამდვილი თუ ტყუილი ჩანაწერების "გამოყრა" და ბილბორდებზე მისი და წარსულში თუ ახალ მასთან ასოცირებული პირების "მოჭყანული სახეების" დახატვაა. მისი თქმით, ხელისუფლება ასე ცდილობს ხალხი დააშინოს, რომ "მგელი მოდის, ბუა მოდის".

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.