,,არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენს სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და მე ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“ - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართული ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.