საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ შესაბამისი პრინციპის დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს გადახდას, ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

„ორი რამ უნდა განვასხვავოთ, ვალების განულების შემდეგ, ეს ადამიანები რამდენად მალე მიიღებენ ფინანსურ რესურსებს და რამდენად მალე შეძლებენ ისინი სამუშაო ძალაში გადასვლას. რამდენად მალე მიიღებენ ისინი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ეს დამოკიდებული იქნება ფინანსურ ინსტიტუტებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკვე დავიწყეთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების განხორციელება. პირველი იანვრიდან შევა ძალაში დებულება, რომელიც კიდევ უფრო განმარტავს პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპებს და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ, რომ დაიცვან ის პირობები, რომელიც მასში იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს გადახდას, ან კიდევ თუ აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასე, რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სიფრთხილე გამოჩენილი იქნება, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ, ისინი ვერ ახერხებდნენ ოფიციალური სამსახურის დაწყებას, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართებოდა სესხების დასაფარად, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა ჯარიმებისა და საურავების გამო და ამ ხალხს უკვე ნამდვილად ექნება შესაძლებლობა, ოფიციალურად დაიწყონ მუშაობა. ვფიქრობ, რომ ესეც დამატებითი სტიმულია მათთვის”, - განაცხადა გვენეტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.