„არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან პოლიტიკური პარტია არის ამის ორგანიზატორი და თავს შევიკავებ კომენტარისგან - ასე ეხმაურება ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციას თბილისის მერი.

 

კახა კალაძე ტაქსის მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. თბილისის მერი აცხადებს, რომ მერიამ ტაქსის მძღოლებს შესთავაზა ნებისმიერ საკითხზე დიალოგი, თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, მძღოლებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოასწრონ ცვლილებების განხორციელება.

 

"რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არ არსებობს. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მობრძანდეთ და ყველა თქვენს დასმულ შეკითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხები ჩვენის მხრიდან. კიდევ ერთხელ იქნებოდა ახსნილი ის სიკეთეები, რაც შეიძლება მიიღონ ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულებები ჩემთვის არ არის მისაღები, რეფორმა მნიშვნელოვანია. გადავადებაზე საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო და ჩართულობა, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი საკითხი რომელიც აწუხებს მათ,"- განაცხადა კახა კალაძე.

 

ტაქსის მძღოლები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადაწევაც. ტაქსის მძღოლები ორ ლოკაციაზე - რუსთაველის გამზირზე და რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ადგილი ჰქონდა სამართალდამცავებთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც. დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.