მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სამართლებრივ დარღვევებზე პრესკონფერენცია გაიმართა. ეკატერინე ქვლივიძემ უფლებადამცველებთან, ცენტრის იურისტ დიმიტრი ნოზაძესთან და ადვოკატ შალვა ღვთისავრიშვილთან ერთად საქმის დეტალებზე ისაუბრა.

 

ქვლივიძის თქმით, გასული წლის ივლისში მისი, როგორც მფრინავის, 11-წლიანი კარიერა დასრულდა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო მას კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რისთვისაც ქვლივიძეს 28 ათასი ლარის გადახდა დააკისრა და ასევე 2018 წლის 2 ივლისიდან თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2% საურავი.

 

ქვლივიძე აცხადებს, რომ 11 წლის განმავლობაში კონტრაქტის პირობები თავად სამინისტრომ 4–ჯერ შეცვალა და ყოველ ჯერზე ეს პირობები უფრო და უფრო კაბალური იყო.

 

მისივე თქმით, 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე იგი კონტრაქტით აშშ–ში იმყოფებოდა და ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიოდა. საქართველოში დაბრუნებულმა კი გაარკვია, რომ იგი წოდებრივად და თანამდებობდივად უფრო დაბალ შტატზე იყო გადაყვანილი. ასევე, იგი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში. ქვლივიძის თქმით, ამ ცვლილების მიზეზად მისმა მაშინდელმა უფროსმა სიმონ წიკლაურმა განუცხადა, რომ სამინისტრო არსებულ მცირე რესურს ქალი მფრინავის მომზადებაში ვერ დახარჯავდა. ქვლივიძის თქმით, სამინისტრომ მას შესთავაზა ქვეით ჯარში გადასულიყო, რაზეც პროტესტი გამოთქვა, რადგან ამით მისი, როგორც მფრინავის კარიერა დასრულდებოდა.

 

ქვლივიძის განცხადებით, სამინისტრომ ასევე შესთავაზა ჩაეტარებინა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ასევე, ქვლივიძემ ხელმძღვანელობას შესთავაზა ავღანეთის მისიაში გაეგზავნათ, რაზეც უარი მიიღო.

 

ქვლივიძის თქმით, 2018 წლის მარტიდან მან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ მისი პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ კი, მისი თქმით, იძულებული გახდა ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიემართა. 2019 წლის 23 თებერვალს კი ქვლივიძისთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ მის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

 

პრესკონფერენციაზე ქვლივიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს შეგებების სარჩელით მათაც მიმართეს და პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

 

ამასთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა- ჰქონდა თუ არა ადგილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.