სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფო უძლურია დაადგინოს, ვინ დგას პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის უკან.

 

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთ ვითარებაში საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და არ შეუწყოს ხელი იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომელთაც ასეთი შინაარსის კადრების გავრცელებით ადამიანების შანტაჟის ქვეშ ყოფნის მიზანი ამოძრავებთ.

 

ლომჯარიამ დღეს საზოგადოებას მიმართა, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება არის დანაშაული და მკაცრად ისჯება.

 

„დღესაც პროკურატურის მიმართ გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი, ჩვენ მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა ის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.