დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს გამოძიებისთვის ერთთვიან ვადას აძლევს.

 

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებებს მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ, კერძოდ, ვინ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი.

 

ეკა ბესელია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კადრების ხელმეორედ გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ შტურმს, რომელსაც მმართველი პარტია ახორციელებს.

 

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე თუ შესაბამისი უწყებები მოცემულ დროში ვერ გასცემენ პასუხს, ამ შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

 

„გასაოცარია, რომ ამ პერსონალური მორიგი თავდამსხმების და ჩემს წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი შტურმის ფონზე კვლავ გააქტიურდა და გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერები. ესეც შემთხვევით ხდება? როდესაც მედიის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ, მე თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და ეს გუშინ ჩემგან შეიტყვეს. ჩემგან უნდა გაეგოთ ეს ამბავი? მოქალაქეები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამეებისგან დაცული? მე არ მადარდებს მხოლოდ ჩემი თავი, ვინაიდან მსგავს შეტევას გავუძელი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ახლაც ბოლომდე გავყვები ამ საქმეს. უბრალოდ, ყურადსაღებია, რომ ამ ყველაფრით არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული და ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.