ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი თქმით, ეს არის ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, რომლის წყალობითაც აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა „ფიფას“ სტანდარტების საფეხბურთო, ასევე გოლფის და ჩოგბურთის მოედნები.

 

„დღეს ჩვენ აჭარაში, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეში ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის რეალიზაციას. ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარ მილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხ სეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში.

 

ჩვენი პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც დღეს ვესწრებით, იქნება მულტიფუნქციური. ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

„მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ეს უპრეცედენტო ინვესტიცია განეხორციელებინათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.

 

მე მსურს, მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. მათ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს, რომ ეს ინვესტიცია შემდგარიყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალებას მოგვცემს, აჭარაში ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობის დროს, ისევე, როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური კურორტის ფუნქციონირება, ჩვენ საშუალება გვექნება, მცირე ბიზნესმაც ძალიან დიდი სარგებელი მიიღოს ამ მასშტაბური ინვესტიციიდან. ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით,” - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.